გორის ციხე
გორის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი აღდგენილია XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ.
დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როდესაც იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801) პირველ წლებში გორის ციხე კიდევ ასრულებდა თავის სტრატეგიულ ფუნქციას — აქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომში მან დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. ციხესიმაგრე ნაგებია რიყის ქვით; ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. გეგმით ოვალურ ციტადელს დასავლეთიდან შედარებით უკეთ შემონახული ნაწილი — „ცხრაკარა“ ეკვრის; სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს; სამხრეთი კედლის შუაში მოთავსებულია გვიანდელი ხანისკამაროვანი ჭიშკარი. სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი. გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.
ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
მუზეუმი 1935 წელს დაარსდა. ამჟამად მასში დაცულია 48 100-ზე მეტი ექსპონატი, როგორიცაა: ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და სახალხო სანახაობის ამსახველი მასალა; უნიკალური ვერცხლის კოლხური დიდრაქმა (ერთადერთი ყოფილ სსრკ-ში); თამარისა და დავით ნარინის მონეტები; ძვ. აღმოსავლეთისა და ანტიკური ქვეყნების მონეტები; ეპიგრაფიკული ძეგლები ქართულ და არაბულ ენებზე; ქართულ ხელნაწერების კოლექციები; მდიდარი ფოტოარქივი და სხვა. მის.: ქ. გორი, კირიონ II ქუჩა
იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი
საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი 1937 წელს დაარსდა და მასში 60 000-მდე ექსპონატი ინახება. მუზეუმის კომპლექსში შედის: მემორიალური სახლი, სადაც სტალინი დაიბადა; საექსპოზიციო შენობა - კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში ასევე დაცულია სტალინის პირადი ნივთები. მის.: ქ. გორი, სტალინის გამზ. 32
გორიჯვარი