
მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა

გორის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელ შიდა ქართლზე. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. ძირითადი ნაწილი აღდგენილია XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფის მიერ.
გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე. მატიანეებში გორი VII საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს (XII ს. დასაწყისი). არქეოლოგიური მასალები მოწმობს, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. გორის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, მტკვრის ნაპირას, ადგილ ღამბარეულზე. ნაპოვნი კერამიკა ტიპობრივია ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურისათვის.
დავით რაზმაძე